ინტერნეტის მაღალი ფასები და დაბალი სიჩქარე – რა წერია Freedom House-ის ახალ ანგარიშში

ფრიდომ ჰაუსის ახალ ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა, თუმცა ინტერნეტის მაღალი ფასები და დაბალი ხარისხი ორგანიზაციის აზრით კვლავაც გამოწვევად რჩება.

ისევე, როგორც წინა წელს, მიმდინარე ანგარიშშიც საქართველომ ჯამური 26 ქულა დააგროვა 100 შესაძლოდან. ფრიდომ ჰაუსის შკალაში 0 ქულა საუკეთესო შედეგია, ხოლო 100 – ყველაზე ცუდი. ანგარიშის თანხმად, 2013 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდში ინტერნეტზე წვდომა ქვეყნის მოსახლეობის 43 პროცენტს ჰქონდა.

“ინტერნეტის მოხმარება საქართველოში სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით სოციალური ქსელების მიმართაა ინტერესი, რაც ადამიანებს საკუთარ მეგობრებთან ონლაინ-კონტაქტის საშუალებას აძლევს. სახელმწიფო უწყებები და ზოგიერთი წამყვანი პოლიტიკოსი თანამედორვე სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტს უფრო ინტენსიურად იყენებს ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

მიუხედავად ინტერნეტის დაფარვის საშუალო ხარისხისა, 2013 წელს სოციალური მედიის საშუალებები ტრადიციულ მედიასთან ერთად მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ  მოვლენებზე რეაგირებდნენ.

ინტერნეტისა და მობილური სერვისების აბონენტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ მაღალი ფასები, არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე წინააღმდეგობებად რჩება, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ ან დაბალი შემოსავლები აქვთ. ინტერნეტის საშუალო ფასი 20 დოლარია, ხოლო DSL-ის 5 მბ/წმ-ის ყველაზე დაბალი ღირებულება თვეში 25 დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს მოსახლეობის 43 პროცენტს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა, 2012 წელს – 37 პროცენტს, ხოლო 2008 წელს – 10 პროცენტს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში განხილულია ყველა ის საკითხი, რაც 2013-2014 წლებში ინტერნეტთან დაკავშირებით მოხდა ქვეყანაში: კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განხორციელებული ცვლილებები, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის ჩამოყალიბება, “ეს შენ გეხებას’ კამპანია ფარული მიყურადების კანონმდებლობის შეცვლისათვის.

ანგარიშის მიხედვით, არ დაფიქსირებულა სახელმწიფოს ან კერძო სექტორის მხრიდან ინტერნეტში ცენზურის დამკვიდრების მცდელობა. ასევე, ხსენებულ პერიოდში არ მომხდარა პირის დაკავება ან დაკითხვა სოციალურ ქსელებში მისი აქტიურობის გამო.

“თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ონლაინ კონტენტით სისტემურ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულების ან ოფიციალური პრების ფეისბუკ-გვერდებზე კომენტარებს შლიდნენ. არსებობდა ეჭვი, რომ საჯარო მოხელეებმა ფეისბუკის ყალბი ანგარიშები გახსნეს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდს მიყოლოდნენ 2012 წლის არჩევნების კამპანიის დროს. 2013-2014 წლებში ფეისბუკის გვერდების ანალიზმა აჩვენა, რომ კვლავაც არსებობს ყალბი ანგარიშები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდებზე მაამებლურ კომენტარებს ანთავსებენ. სპეციალისტები საქართველოშ ამბობენ, რომ ონლაინ-მანიპულაციის მსგავსი მეთოდები ირიბად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უშლის ჯანსაღ დისკუსიას”, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ არალეგალური, იგივე მეკობრული კონტენტი ქართულ საიტებზე დღემდე უკონტროლოდაა განთავსებული. ლაპარაკია იმ პრაქტიკაზეც, რომელიც ზოგიერთი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში არსებობს ფეისბუკის და სხვა სოციალური საიტების დაბლოკვის თვალსაზრით თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, თუმცა ფრიდომ ჰაუსი მიანიშნებს, რომ იგივე კომპანიები და დაწესებულებები იმავე სოციალურ ქსელებს, მაგალითად, სარეკლამო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნებისთვის თვითონ აქტიურად იყენებენ.

წყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები