ორიგინალური სიყვარულის ისტორია, რომელიც ბიზნეს იდეად იქცა

0
77

სიყვარულის ისტორიები მრავლად გვსმენია, მაგრამ მათგან ცოტა თუ გამოირჩევა ორიგინალურობით. ჯგუფ ”the mins”-ის ბასისტი ზაზა მღებრიშვილი და მეგი ბეჟანიშვილი ერთ-ერთი სასიამოვნო გამონაკლისია ამ მხრივ. Yellowblog გთავაზობთ მათთან ინტერვიუს.

 

სად გაიცანით ერთმნანეთი?

 

ზაზა:  ჩემს მეგობარს, ხმალას  თავის შეყვარებულის დაბადების დღისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა, დამირეკა ბენდების მოძებნაში რომ დავხმარებოდი. მაგ დღეს შევნიშნე  მეგი, რომელიც იუბილარის და იყო. ძალიან მომეწონა, მაგრამ მითხრეს შანსი არ გაქვს, 27 წლისაა და ჯერ შეყვარებული არ ჰყოლიაო.

მეგი: დაბადების დღის მერე რამდენიმე თვეში ჩემს სარეკლამოს შეუკვეთეს ღონისძიებების ორგანიზების პროექტი, სადაც მუსიკალური ბენდების მოძიება მჭირდებოდა. ხმალამ ზაზას თავი შემახსენა. მეც დავუკავშირდი და თანამშრომლობა შევთავაზე.

ზაზა: რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. მუშაობის პროცესში მეგი უკეთ გავიცანი და აღმოვაჩინე რომ ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია.

 

როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია?

 

ზაზა: მეგი მომწონდა მაგრამ ვცდილობდი არ გამომემჟღავნებინა. ვიცოდი, რომ უარს მეტყოდა და ეს ჩვენ მეგობრობას დაანგრევდა.

მეგი:  თითქმის ერთი წელი ვმეგობრობდით, იმდენად დავვახლოვდით, რომ მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდი. ყოველთვის, როცა რამე მჭირდებოდა, გვერდით მედგა.

ზაზა: 3 მარტს გავბედე და ვუთხარი. მეგისგანაც დადებითი პასუხი  მივიღე და მას მერე  დღე არ გამოგვიტოვებია ერთად რომ არ ვყოფილიყავით.

 

ზაზამ დაგეგმა ნიშნობა, რომელიც მეგისთვის სიურპრიზი იყო. გვიამბეთ ამის შესახებ.

 

ზაზა: მეგისთან ერთად ბევრი სიურპრიზი გვაქვს გაკეთებული, ძალიან რთულია  მას რაიმე გამოაპარო.  იმდენი რაღაც იყო გასაკეთებელი მარტო ვერშევძლებდი. ჩემი ოჯახის ყველა წევრი, ნათესავები, მეგობრები, მეგის და-ძმა, ყველა იყო ჩაბმული ამ პროცესში. 4 თვე დაგვჭირდა  ეს ყველაფერი რომ გაკეთებულიყო.

მეგი: ზაზამ მომატყუა, ქორწილში მივდივართო. გზაში ძმაკაცმა დაურეკა, ლისზე ამოდი რაღაც უნდა მოგცეო. ლისზე გავიარეთ, სადაც მინდორზე დავინახე უამრავი ხალხი. მაშინვე მივხვდი რისთვისაც იყვნენ შეკრებილები. წრეებად იყვნენ და თითო წრეში ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდის იმიტაცია იყო. პირველ წრეშივე წამსკდა ცრემლები და ბოლომდე ასე ტირილით ვიარე. ფაქტიურად დროში ვიმოგზაურე , იმიტომ რომ ზუსტად იგივე ემოციები გამოვიარე რაც ადრე განვიცადე მაგ მომენტებში.

 

გვიამბეთ თქვენი ქორწილის შესახებ, დარწმუნებული ვარ აქაც იქნებოდა სიურპრიზები.

 

ზაზა: ქორწილი გვინდოდა ისეთი ყოფილიყო რომ ყველა თაობის ადამიანს კარგი დრო ეტარებინა. ჯვრისწერის მეორე დღეს ღია ცის ქვეშ ხუმრობით გავაკეთეთ ფიცის დადება, მეგიმ დაწერა ფიცის ტექსტი ჩემთვის, მე კი -მისთვის.

მეგი: ამ ყველაფრის წამყვანი კუპიდონის ფორმაში გამოწყობილი ხმალა იყო, ვინც ერთმანეთს გაგვაცნო.  იგი ისე გაილექსა და სულ ასე გარითმული ფრაზებით „დაგვაქორწინა“. ეს ლექსი თურმე ბოლო წამებში დაუწერია მის მეჯვარე გიორგი კიკნაძეს.

ზაზას ძალიან უყვარს ანიმაცია „Up”.  შემომთავაზეს, რომ რომ ეს თემა გამომეყენებინა ხალიჩაზე გასვლის დროს. ბიძაშვილები მყავს კარგი ნავარჯიშები კუნთებით და იდეა მომივიდა, რომ მათ ავეყვანე, ვითომ ჰაერში ვარ ბუშტებიანი სახლით. გულზე ღრუბლები დაიწერეს და ბამბები მიიმაგრეს პერანგზე . ასე კუნთიანმა ღრუბლებმა მიმიყვანეს ზაზამდე.

მეგი: უშუალოდ საზეიმო სუფრას რაც შეეხება ესეც გვინდოდა რაც შეიძლება ქართული და მხიარული ყოფილიყო. ბოლოს მე და ზაზამ ვიცეკვეთ სამეჯლისო ცეკვები, რომლის დროსაც ზაზა წაიქცა. ორი თვის წინ ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ეპატიება.

ზაზა: “The Mins”-მა დავუკარით, ასევე ჯაზ-ბენდმა, რომელშიც ადრე ვუკრავდი. ძალიან სასიამოვნო დრო ვატარეთ ყველამ.

მეგი: არ შემიძლია სურათები არ ვახსენო იმდენად მომწონს. ფოტოსესია სტუდია “Pic Art”-მა გვაჩუქა. გადაგვიღეს ძალიან გიჟური სურათები Holiday Inn-ში. მტრედების გაფრენა არ გვინდოდა, ამის ნაცვლად შემოგვთავაზეს გაყინული ქათმების იდეა, რაც ძალიან მოგვეწონა.

ზაზა: მოსაწვევებიც ჩვენი ნახატებით გავაკეთეთ. შიგნით იშლებოდა 3D სახლი და იდო ორი ფურცელი, სადაც ჩემთვის და მეგისთვის ოჯახური რჩევები უნდა დაეწერათ და ქორწილის დროს მოეცათ. ახლა ვზივართ და ამ რჩევებს ვკითხულობთ. სასიამოვნოა, როცა ყველა სტუმარისგან ასეთი რამ გრჩება სამახსოვროდ.

მეგი: დარბაზიც სულ ხელნაკეთი დეკორაციებით გავაწყვეთ. ქორწილზე რომ მივედი დარბაზი ვეღარ ვიცანი, მულტფილმში მეგონა თავი.

ზაზა: ტორტის იდეა მამაჩემს ეკუთვნის. რადგან ქანჩის ფორმის ბეჭდები გვქონდა, ტორტიც ამ თემის მიხედვით დავამზადებინეთ. ღვინის ქილებიც ჩვენი ნახატებით იყო გაფორმებული, რომელიც მეგიმ დახატა.

 

საქორწილო კაბა თვითონ მეგიმ შეკერა. მოგვიყევი როგორ შეარჩიე სტილი?

 

ძალიან მომწონს ჩვენი ეროვნული სტილი და წლების წინ საჯარო ბიბლიოთეკაში რაც კი რამე წიგნი არსებობდა ქართულ კოსტიუმზე ყველაფერი მოვიძიე. ასევე ხშირად მივდიოდი „სამოსელ პირველში“, სადაც საინტერესო დეტალებს ვნახულობდი. ახლა მანდ ძველი ორნამენტების და დეკორაციების ილუსტრაციების კატალოგებიც აქვთ.  მიხარია ასეთი კარგი საქმე რომ გააკეთა მაგ გუნდმა, მე პირადად მათი ნამუშევრები ძალიან მეხმარება ახალი იდეების გენერირებაში.  ჩემი საპატარძლო კაბაც მინდოდა ყოფილიყო ქართულ სტილში. არ მესმის სალონების უმრავლესობა ქართული სტილის საპატარძლო კაბებს გულმკერდზე კაცურ ლაგამ-აბჯარ უნაგირით ასხმულ დეკორაციას რატომ უკეთებენ. ძველად ქართული ტანსაცმელი გამოირჩეოდა თავისი სისადავით და სინაზით. მინდოდა კაბა  ნაკლებად გადატვირთული ყოფილიყო.  სოციალურ ქსელში კაბის სურათებმა უცხო ხალხის მხირდან დიდი მოწონება დაიმსახურა, რითაც ძალიან ამაყი ვარ. კაბას გავუკეთე ჯიბეები, ქვედა კაბა გრძელი შლეიფით გავაკეთე, რომელსაც ცეკვების დროს ვიხსნიდი რომ ხელი არ შეეშალა.

 

რას გვეტყვით „ცაგუნია იდეის“  შესახებ?

 

ზაზა: „ცაგუნა იდეა“ დავაარსეთ შარშან. სახალისო, დეკორატიულ სტიკერებს და რეტრო პოსტერებს ვყიდით ინტერნეტით. თავიდანვე ბევრი გაზიარება ქონდა ჩვენს განთავსებულ დიზაინებს და გვერდის აუდიტორია მალევე გაიზარდა. გვინდოდა ეს გამართლება უშედეგოდ არ დაგვეტოვებინა და გადავწყვიტეთ იმ ხელოვან ხალხის პოპულარიზაციისთვის ოდნავ მაინც შეგვეწყო ხელი, ვისაც ხალხი ნაკლებად იცნობს. შევქმენით ცალკე ალბომი „ცაგუნა გალერეა“ სადაც ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და სხვადასხვა საინტერესო და ორიგინალური ნივთები იდება. სარეკლამოც აღვადგინეთ, რომელიც მეგიმ სამკერვალოს გამო დახურა. მარტო ვერ ასწრებდა ამდენ საქმეს. ახლა ორნი ვართ და ჯერ-ჯერობით ყველაფერს კარგად ვუმკლავდებით.

მეგი: კიდევ ღონიძიებების ორგანიზებაც დავიმატეთ. ერთმანეთის და ახლოებლების სიურპრიზების კეთებაში იმდენი გამოცდილება დაგვიგროვდა, უკვე ეგრევე ვხვდებით ვინ როგორ უნდა ვატიროთ სიხარულისგან.

თეო ჩომახიძე