ანანო დოლაბერიძე – გული მწყდება, რომ საქართველოში მამაკაცები ჩაცმას არ აქცევენ დიდ ყურადღებას

მოდის ბლოგინგი საკმაოდ აქტუალურია მთელს მსოფლიოში, საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ მხრივ. თუმცა ქართველი ბლოგერებიდან გამოირჩევა ანანო დოლაბერიძე,რომელიც yellowblog.ge-ს სტუმარია და  მის სტილზე, ახლახანს გამართულ მოდის კვირეულზე და 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებზე გვესაუბრება.

 

დოსიე:

სახელი: ანანო

გვარი: დოლაბერიძე

დაბ. თარიღი: 08.10.1991

განათლება: ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი)

 

ანანო, როგორ მოხვდი მოდის სამყაროში?

როგორც ყველა გოგოს, მეც ბავშვობიდან მაინტერესებდა  ეს სფერო, ვათვალიერებდი მოდის ჟურნალებს, ვუყურებდი ჩვენებებს ტელევიზორში. ყოველთვის მიყვარდა გამორჩეულად ჩაცმა, ბავშვობიდან განსხვავებულად ვუხამებდი ერთმანეთს ტანისამოსს. შემდეგ, როდესაც მოდის ბლოგინგი აქტუალური გახდა ინტერნეტ-სივრცეში, გადავწყვიტე გამეკეთებინა ბლოგი და ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია ხალხისათვის გამეზიარებინა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.

 

რომელია შენი საყვარელი ბრენდი?

 

ესე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, ყოველ სეზონზე სხვადასხვა ბრენდის ტანისამოსიმომწონს, თუმცა გამოვარჩევ რიკარდო ტიშის ჟივანშისათვის, რომელიც კრეატიულ, ტენდენციურ და კომერციულ ტანსაცმელს ქმნის  ერთდროულად. ასევე მომწონს ამერიკული ბრენდები, მათ სამოსში ყოველთვის სხვანაირი თავისუფლება და რისკი იგრძნობა .

 

აქსესუარი, რომელსაც მუდმივად ატარებ:

 

ამოჩემებული აქსესუარი არ მაქვს, თუმცა გამოვყოფ ოპტიკურ სათვალეს ნომრის გარეშე, რომელიც კონკრეტულ  სტილს მიქმნის.

 

რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

 

მიყვარს ექსპერიმენტები და ყველანაირი სტილის მორგებას ვცდილობ, თუმცა მაინც კლასიკურ სტილს გამოვარჩევ.

 

შენი ლუქები ყოველთვის ორიგინალური  და დასამახსოვრებელია. შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სამოსის შერჩევისას?

 

პირველ რიგში ის, რომ მიხდებოდეს. არასოდეს მივსდევ ტენდენციებს ბრმად, ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული ელემენტები შევიტანო ჩემს ჩაცმულობაში, თუმცა ეს საზღვრებს არასდროს  სცდება.

 

ალბათ სიამოვნებით იმუშავებდი საზღვარგარეთ ამ სფეროში. ვისთან ერთად ისურვებდი მუშაობას შანსის შემთხვევაში?

 

რა თქმა უნდა, სიამოვნებით  ვიმუშავებდი და ვაპირებ კიდეც სამომავლოდ საზღვარგარეთ სწავლას, შემდგომ კი მუშაობას ამ სფეროში, უბრალოდ  ჯერ ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო  დრო და მივიღო გამოცდილება ყველა კუთხით. მოდის სფეროს მონსტრების სფეროს ეძახიან, თუ ძალიან ძლიერი და გამოცდილი არ ხარ, რთულია საზღვარგარეთ წარმატების მიღწევა, მე კი ძალიან დიდი გეგმები მაქვს, ამიტომ თავს არ ვზოგავ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამომივა. ძალიან ბევრი ადმაიანია ვისთან ერთადაც ვიმუშავებდი სიამოვნებით, მაგალითად გრეის კოდინგტონი, რომლის შრომა მხოლოდ მაშინ დაფასდა, როდესაც გამოვიდა დოკუმენტური ფილმი “სექტემბრის გამოცემა” ჟურნალ ვოგზე.

 

რამდენად გემოვნებით იმოსებიან თბილისში?

 

ნამდვილად გემოვნებით იმოსებიან, თუმცა აკლიათ ინდივიდუალიზმი. იშვიათად თუ შევხვდებით განსხვავებულად ჩაცმულ ადამიანებს, განსხვავებულობაში არ ვგულისხმობ უაზროდ, ყურადღების მისაქცევად შერჩეულ სამოსს. თუმცა, ალბათ გემოვნებიანად შემოსვაში უფრო ქალბატონები მოიაზრებიან, გული მწყდება, რომ მამაკაცები ჩაცმას არ აქცევენ დიდ ყურადღებას.

 

გადავიდეთ ახლახანს გამართულ რიგით მეათე მოდის კვირეულზე. თავდაპირველად გვითხარი რამდენად კმაყოფილი ხარ და გაამართლა თუ არა მოლოდინი?

 

მოდის კვირეულით კმაყოფილი ვარ. ხშირად ვისმენ გარშემო მყოფი ხალხისგან, რომ რაღაც არ მოეწონათ, გამოხატავენ უკმაყოფილებას. ერთ რაღაცას ვიტყვი და მინდა ყველამ კარგად გაიგოს! ჩვენს ქვეყანას ყველანაირი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ ხელოვნების სფეროში განვვითარდეთ. მართალია ბევრ ქვეყანაში არც იციან საქართველო სად არის, მაგრამ ჩვენი კულტურითა და ისტორიით, ნამდვილად გვაქვს იმის უფლება, რომ იცოდნენ ჩვენს შესახებ და აფასებდნენ ისეთ გენიოსებს, როგორიც გახლდათ ფიროსმანი, გუდიაშვილი, პეტრე ოცხელი და ბევრი სხვა. მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს, რაც მთავარია ისინი არ გვანან ერთმანეთს. თითოეულს აქვს განსხვავებული ხედვა და სტილი. მიუხედავად იმისა,რომ ჩვენთან არ არის ქსოვილების კარგი არჩევანი, არ არის ფაბრიკები,ისინი მაინც ცდილობენ დიდი შრომის ფასად მიიღონ ხარისხიანი პროდუქტი, იყოს ეს ყველაფერი ტენდენციური და თან ფასიც მისაღები ჰქონდეს. რომ არა თბილისის მოდის კვირეული, არ იქნებოდა ამდენი ნიჭიერი დიზაინერი, არ განვითარდებოდა ეს სფერო და ჩვენარ გვექნებოდა  საშუალება გვენახა და შეგვეფასებინა ამ ადამაინების ნამუშევრები.

 

მოდის კვირეულზე 20-მდე დიზაინერის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ვის გამოარჩევდი და რატომ?

 

გამოვარჩევდი თამუნა ინგოროყვას კოლექციას. ყოველთვის მომწონს მისი სამოსი. არაჩვეულებრივად გრძნობს ფერებს, მისი ქალი ყოველთვის ნაზი, ზომიერად სექსუალური და დახვეწილია. მომეწონა ასევე გიორგი ქებურიას კოლექცია მატერიელისათვის. მომწონს ახალგაზრდა, რისკიანი ადამიანები, რომლებიც ექსპერიმენტებს არ უშინდებიან, გამოირჩევიან ინოვაციებითა და საინტერესო კონცეფციით. ასევ , არ შემიძლია არ აღვნიშნო გრეგორი რეჯინის კოლექცია დალოოდისათვის, რომლის დებიუტიც სწორედ ამ სეზონზე შედგა. მის მიერ წარმოდგენილი Unisex კოლექცია მართლაც გამორჩეული და გემოვნებიანი იყო.რაც მთავარია, ეს არ იყო გაუგებარი თარგის, შავი ფერის სამოსი. აქ იყო სრულიად ტენდენციური, კომერციული ტანსაცმელი, რომელშიც იაპონური მოდის ესტეთიკა იგრძნობოდა, რაც პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. ასევე გამოვყოფდი ავთანდილის კოლექციას, წელს განსაკუთრებით მომეწონა მისი ნამუშევრები, პასტელური ღია ტონები.

 

რა სიახლეებია 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდაში?

 

2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში ძალიან აქტუალურია ჯინსის ქსოვილები, ე.წ. დენიმი. კუბოკრული პრინტი, კიმონოს ტიპის მოსაცმელი ხალათები, ერთ მხრიანი ზედები, ხაკისფერი, შავი , თეთრი და პასტელური ტონები. მაღალწელიანი გაშვებული შარვლები მედიუმი  სიგრძის, მბზინავი ქსოვილები.

 

მოდის კვირეულზე იყვნენ დამწყები დიზაინერებიც, მათგან ვის ნამუშევრებს გამოარჩევდი?

 

 

სამწუხაროდ, დამწყები დიზაინერების კონკურსს ვერ დავესწარი, თუმცა მოხარული ვარ ამ პროექტის არსებობით. სწორედ ამ კონკურსმა აღმოაჩინა ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც წელს წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

 

 

თეო ჩომახიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები