ეკო ამყოლაძის დაფარული ხელოვნება.

ახალგაზრდა და ნიჭიერმა მომღერალმა ეკო ამყოლაძემ მაყურებელი თავისი ხმით დიდი ხნის წინ მოხიბლა. ეკო „ჯეოსტარის“ და „ახალი ხმის“ პროექტებში როგორც მაყურებლის, ასევე ჟიურის წევრების სიმპატიითაც სარგებლობდა. ახლახანს 22 წლის ეკომ გადაწყვიტა სხვა კუთხით წარმოეჩინა თავისი ნიჭი და ხალხს საკუთარი ნახატები წარუდგინა. დანარჩენ მნიშვნელოვან დეტალებს ეკო თავად გვიამბობს.

ეკო, მონაწილეობას იღებდი მუსიკალურ კონკურსებში, თუ  შეიცვალა მას შემდეგ რაიმე შენს ცხოვრებაში?

შეიცვალა ის, რომ  იმაზე მეტად შევიყვარე მუსიკა, ვიდრე ადრე; ბავშვობიდან ჩემი უმთავრესი მიზანი მომღერლობა იყო და პირველივე კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მიუხედავად თანმხლები ნერვიულობისა, მეტად მომინდა მუსიკალურ სფეროსა და სივრცეში ჩართვა-შეღწევა. ეს ყველაფერი ერთგვარი ნარკოტიკივითაა…

თუ აპირებ კიდევ მიიღო მონაწილეობა მსგავს პროექტებში, თუ ეს ეტაპი დასრულდა შენთვის?

ახლა რომ მკითხოთ-არა, მაგრამ ხშირად ვიცვლი აზრს და ვინ იცის ხვალ რას ვიფიქრებ.

საზოგადოება გიცნობს , როგორც მომღერალს, თუმცა ახლახანს შენი დაფარული ნიჭის, მხატვრობის შესახებაც შევიტყვეთ. მოგვიყევი, როდის და  როგორ დაიწყე ხატვა?

ხატვაც მაშინ დავიწყე, როდესაც სიმღერა, 2-3 წლის ასაკში. თავისებურად ვხატავდი, ჩემი ასაკის ბავშვისთვის აბსტრაქტულად  და ვაკვირვებდი გარშემომყოფებს.

რამდენად ხშირად გრჩება დრო ხატვისათვის?

ვხატავ ყოველთვის. აი ახლაც შემიძლია სანამ გპასუხობთ, პარალელურად ხელში მეჭიროს ფანქარი და რაღაც ჩანახატებს ვაკეთებდე. ეს პროცესი მამშვიდებს, მაძლევს ფიქრისა და აზროვნების, ჩემს შინაგან სამყროსთან განმარტოების საშუალებას, რაც, ვფიქრობ, აუცილებელია ნებისმიერი „გონიერი ადამიანისათვის“.

ვინ არის შენთვის გამორჩეული მომღერალი და მხატვარი?

ეს ერთ-ერთი ერთდროულად მარტივი და დამაბნეველი კითხვაა ჩემთვის, შემიძლია ბევრი ვისაუბრო ამ თემაზე, მაგრამ ვეცდები ლაკონიური ვიყო. მომღერლების სია შემდეგია: Janis Joplin, Bjork, Barbra Streisand, Sting, Ray Charles, Dusty springfield, ჯგუფები: Beth hart, Pink Floyd, muse, Portishead… კომპოზიტორებიდან კი თუ ძალიან დავკონკრეტდები: Andrew Lloyd Webber და გია ყანჩელი. მხატვრები: სალვადორ დალი, კლოდ მონე, მაქს ერნსტი, მორის ეშერი, ვინსენტ ვან გოგი, ანრი მატისი…

მხატვრობის რომელი მიმდინარეობაა ყველაზე ახლოს შენთვის?

სიურეალიზმი და ექსპრესიონიზმი.

ძირითადად რა არის შენი გრაფიკული ნამუშევრების თემატიკა?

მითოლოგია, რელიგია და ინსომნია ( უძილობა).

ახლახანს გქონდა პირველი პერსონალური გამოფენა  არტ ავენიუში სახელწოდებით „სანამ შენ გეძინა“, გვიამბე დეტალების შესახებ. რამდენად კმაყოფილი ხარ?

აბსოლუტურად ექსპრომტად მოვაწყვე ეს გამოფენა და მივუძღვენი დედაჩემს, რადგანაც ვხატავდი მაშინ, როდესაც დედას ეძინა  და როცა იღვიძებდა თითო ნამუშევარს ვახვედრებდი. 2 დღეში თავი მოვუყარე ჩემს „ნამოღვაწარს“ და მივედი ამ ფანტასტიკურ გალერეაში, სადაც ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე მოველოდი. მოვიდა ბევრი ჩემთვის ნაცნობი და ასევე უცნობი ადამიანი. უამრავი საქებარი სიტყვა და რჩევა მოვისმინე მომავლისათვის, რამაც ყველაზე მეტად გამახარა.

გაგვანდე უახლოეს მომავალში რომელი კუთხით უნდა ველოდოთ შენგან სიახლეებს?

სხვათა შორის, ახლა სხვა სფეროზე ვარ გადართული  და ადრე თუ გვიან, თუ გამომივა რაც ჩაფიქრებული მაქვს, აუცილებლად შეიტყობთ.

თეო ჩომახიძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები