ლექსო აბრამაშვილი – იქნებ როგორ ვადგები ქვეყანას, შენ კი სახლიდან არ „მიშვებ“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მრავალ პრობლემას აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი ინტეგრირება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, მრავალი კანონისა თუ მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება.  ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ რეალურად საქმე არ კეთდება. Yellowblog.ge დაინტერესდა ამ პრობლემით და 17 წლის ლექსო აბრამაშვილს გაესაუბრა, რომელიც ეტლით გადაადგილდება.

ლექსო, როგორ ფიქრობ,  ზრუნავს თუ არა სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე?

არა, ვთვლი, რომ საერთოდ არ ექცევა ყურადღება ამ პრობლემას.

თუ მოახდენ შედარებას რამდენიმე წლის წინანდელ და ახლანდელ პერიოდს შორის, ხედავ რაიმე ცვლილებას უკეთესობისაკენ?

ამ კუთხით მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. რა მდგომარეობაც იყო წლების წინ , თითქმის იგივეა დღესაც.

რა პრობლემებს აწყდები ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში მათ აღმოსაფხრელად?

ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტრო და ავტობუსი არ არის სათანადოდ მოწყობილი. ასევე მთავარი პრობლემა პანდუსების არარსებობაა,  სადაც არის პანდუსი, ხშირ შემთხვევაში, არასტადარტულია. ვერ შევდივარ კინოში, გასართობ ადგილებში, კვების ობიექტებში, რაც, ასევე ძალიან ცუდია. კარგი იქნება თუ დარიგდება ეტლები, ქალაქში მეტნაკლებად რიგდება, აი რაიონებში კი – არა. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს  თუნდაც ყველაზე იაფიანი ელექტრო ეტლების დარიგება იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ფიზიკური და გონებრივი მონაცემი იმისა, რომ მართონ ელექტრო ეტლი. ყოველივე ეს, ელემენტარულია იმისათვის, რომ შშმ პირებმა შეძლონ დამოუკიდებლად გადაადგილება და იმ „ვითომ“ პანდუსებამდე მისვლა.

ასევე გაყიდვაში უნდა შემოვიდეს ხარისხიანი მექანიკური და ელექტრო ეტლები, ინვენტარები: მაგიდა, კიბეზე ასაყვანი მოწყობილობა და ა.შ. პირადად მე, ვერ ვიყენებ იმ ეტლებს რაც აქ იყიდება და იძულებული ვარ უცხოეთიდან გამოვიწერო. ქვეყანაში, სადაც ამდენი შშმ პირია, ასეთი პრობლემები არ უნდა არსებობდეს.

შემიძლია დავამატო, რომ ხშირად მძღოლები ზუსტად პანდუსის წინ აჩერებენ მანქანას. არვიცი ეს ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია, თუ უბრალოდ გულგრილობის.  ამის გამო მათ არც აჯარიმებენ.

როგორც აღნიშნე, პანდუსები სტანდარტში არ ჯდება. რატომ?

იმის გამო, რომ თავისუფლად ვერ ახვალ, სიგრძე მოკლეა , დახრა კი -დიდი. უმჯობესია თუ 15 გრადუსზე დახრილი არიქნება. არსად არ არის ისეთი პანდუსი, როგორიც საჭიროა. ელემენტარულად, აფთიაქებთანაც კი არ არის პანდუსი, მაკდონალდსში ისეთია, ფეხით ასვლაც კი გაგიჭირდება.

თუ მიგიმართავს სახელმწიფოსათვის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და რა იყო შედეგი?

კი, მივმართე ჩემს სახლთან პანდუსის გაკეთების თაობაზე, მათ მხოლოდ თანხმობა მოგვცეს, ხოლო გაკეთებით კი საკუთარი ფინანსებით გავაკეთეთ. პანდუსების არარსებობა ნამდვილად დაუშვებელია.  იქნებ როგორ ვადგები ქვეყანას, შენ კი სახლიდან არ „მიშვებ“.

თეო ჩომახიძე, ანა ბაციკაძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები