„ანაიდა ორიგინალური აქსესუარები“

0
67

„ანაიდა ორიგინალური აქსესუარები“ – ასე ეწოდება ანო ენუქიძის ბრენდს, რომელსაც ფეისბუქზე უკვე 18 131 ლაიქი აქვს. ანაიდას აქსესუარები ხშირად ცნობილ ადამიანებსაც ამშვენებთ. Yellowblog.ge დაინტერესდა იმით, თუ როგორ მოხდა ბრენდის შექმნა და ანოს გაესაუბრა.

ანო 28 წლისაა და თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

ანო, რას საქმიანობ ამჟამად?

უკვე 6 წელია რაც უძრავი ქონების საშემფასებლო კომპანიაში ვმუშაობ.

როდის და როგორ დაიწყე აქსესუარების კეთება?

მოხდა ისე, რომ დაახლოებით ორი წლის წინ უხელფასო შვებულებაში გამიშვეს. ბევრი თავისუფალი დრო აღმომაჩნდა და უცებ მომაფიქრდა გამეკეთებინა ბროშები იმ მასალისგან, რაც სახლში მქონდა.

რა იყო პირველი აქსესუარი და ვის აჩვენე შესაფასებლად?

პირველად საყურე გავაკეთე, რომელიც არ გამიყიდია და დღემდე მე მაქვს. საყურე ჩემს ორ ახლო მეგობარს ვაჩვენე, მათ მომიწონეს, რამაც მეტი სტიმული მომცა და  კიდევ უფრო მეტი აქსესუარის გაკეთება მომინდა. მანამდე, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თმის სამაგრების გაკეთება გვასწავლეს, ანალოგიურს ვაკეთები სხვადასხვა ფერს და „ბლოსკებით“ ვაფორმებდი. ერთ გამყიდველს ვაჩვენე და მითხრა მომიტანე, გაგიყიდიო. რამდენიმე ღამე გავათენე მათ კეთებაში, რომ მივიტანე მაღაზიის მენეჯერი დამხვდა, „ბლოსკები“ მოდაში აღარააო ცივად მითხრა და უკან გამომატანა. მერე ეს თმის სამაგრები ქეთი ორჯონიკიძესთან ნარდის თამაშისას წავაგე.

შენს ბრენდს ანაიდა ჰქვია, რაც ალბათ შენი სახელიდან გამომდნარე შეირჩა?

მამა ბავშვობიდან ანაიდას მეძახდა. ამიტომ, როდესაც ბრენდისთვის სახელის შერჩევაზე ვფიქრობდით, პირველი რაც თავში მოგვივიდა „ანაიდა“ იყო. ბევრი არც მიფიქრია, მგონი კარგად ჟღერს და დასამახსოვრებელიცაა.

რისგან ამზადებ აქსესუარებს და რითი აფორმებ მათ?

ძირითადად ტყავისგან, ბოლო კოლექციისთვის გამჭვირვალე მასალაც გამოვიყენე, გასაფორმებლად კი სადა მეტალებს ვიყენებ.

რა დრო მიაქვს მათ დამზადებას?

გააჩნია აქსესუარს, თუ ვიცი რას ვაკეთებ ბევრად ნაკლებ დროს ვანდომებ, თუ არ ვიცი, მაშინ შეიძლება მთელი დღეც დამჭირდეს.

ბევრი ცნობადი სახე ვნახეთ შენი ხელნაკეთით, თუ შეგიძლია გაიხსენო ვის ამშვენებს „ანაიდას აქსესუარები?“

თამუნა მუსერიძე ჩემი ახლო მეგობარია და აქვს ჩემი რამდენიმე აქსესუარი, სოფო ტოროშელიძეს ეკეთა x ფაქტორის დროს ანაიდას სამაჯური, ასევე  სოფო გორგაძეს, მანიკა ასათიანს, ჟურნალისტ – დათო ქაშიაშვილს, ახლახანს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონზე – ზურა გორგაძეს, სალომე ჭაჭუას პარტნიორს ეკეთა. შეიძლება სხვებიც არიან, მაგრამ ეხლა ვერ ვიხსენებ.

რომელ მაღაზიაში შეიძლება „ანაიდას აქსესუარების“ შეძენა?

ამ წუთას არცერთ მაღაზიაში არ დევს, გამრეკელზე ერთ-ერთ მაღაზიაში იყო, რომელიც ამჟამად დახურულია. ძირითადად ფეისბუქით მიკავშირდებიან მსურველები.

ყოველი სეზონის დასაწყისში ახალი კოლექცია გაქვს, როგორ ახერხებ, რომ მუდვივად სიახლე შესთავაზო მომხმარებელს და თუ გეგმავ ახალ კოლექციას უახლოეს მომავალში?

როცა უკვე ვიცი, რომ დროა ახალი აქსესუარები შევქმნა, იდეებიც თავისით მოდის. შეიძლება სრულიად შემთხვევით, საუბრის დროს მომაფიქრდეს ახალი კოლექციის თემატიკა. მერე ჩემებურად უნდა ჩავხატო, რომ არ დამავიწყდეს. ახალ კოლექციას ჯერ-ჯერობით არ ვამზადებ, თუმცა, ამჟამად ბევრი თავისუფალი დრო მაქვს  და შეიძლება მალევე გავაკეთო. ბოლო კოლექცია სულ რაღაც ერთი თვის წინანდელია.

რა არის შენი წარმატების საფუძველი?

მონდომება. მე ვფიქრობ, რომ თუ რამე გიყვარს და მოინდომებ, მაშინ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

ანაიდას აქსესუარები ნამდვილად გამოირჩევა ორიგინალურობით, დახვეწილი დიზაინით და აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

თეო ჩომახიძე