ტურისტები საქართველოს შესახებ

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ ტურისტების მზარდი რაოდენობა სტუმრობს საქართველოს. მართლაც, არ შეიძლება არ აღინიშნოს ზაფხულობით ბათუმში მათი რაოდენობა, ღამის თბილისშიც ხშირად წააწყდებით კაფეში ჭიქა ყავაზე მოსაუბრე უცხოელებს.

Yellowblog.ge დაინტერესდა ამ თემით და შარდენზე, მყუდრო კაფეში მყოფ ორ ტურისტს სთხოვა გაეზიარებინა  შთაბეჭდილება. ტურისტები უკრაინიდან აღმოჩნდნენ: მარია ბლიდჩენკო 22 წლის და პაველ მატლაიევი 24 წლის. საუბარი  დაიწყეს იმით, რომ უკრაინული და ქართული კულტურა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მათთვის საქართველოში ყველაფერი უცხო, ახალი და სასიამოვნოა. როგორც გაირკვა, უკრაინელი ტურისტები არა-მხოლოდ თბილისს, არამედ ბათუმსა და ქუთაისსაც ესტუმრნენ.

რომელია თქვენთვის ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში?

მარია: მე ვფიქრობ, რომ თბილისის ღამის ხედი ფუნიკულიორიდან ყველა ადამიანმა უნდა ნახოს. უნიკალური ადგილია. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაქვთ არაჩვეულებრივი ტაძრები ქუთაისში, მათი ნახვის შემდეგ ჯადოსნურ სამყაროში მეგონა თავი.

პაველი:  ძალიან მომეწონა ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

ალბათ ჩვენს ტრადიციულ კერძებსაც დააგემოვნებდით, რომელია თქვენთვის გამორჩეული?

მარია: ხინკალი, ხაჭაპური და ღვინო, რა თქმა უნდა. გასაოცარი ღვინო გაქვთ.

საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ, როგორც დადებითი , ასევე უარყოფითი მხრივ?

პაველი: აღფრთოვანებული ვარ ბუნებით და ხალხით. ვიცი, რომ ქართველებისათვის სტუმარი ღვთისაა და მას უნდა მისცენ   ღამის გასათევი და საკვები. თქვენი ხალხი ძალიან ყურადღებიანი და სტუმართმოყვარეა. ვინც არ გვიცნობს, მაგალითად, მაღაზიაში როდესაც  შევდივართ პროდუქტის საყიდლად და იგებენ, რომ უკრაინიდან ვართ, 80% ინტერესდება რა მდგომარეობაა ჩვენთან.

მარია: უარყოფითი მხრივ, რაც გამიკვირდა თბილისიდან ქუთაისამდე გზისპირზე დაყრილი ნაგავია. ნამყოფი ვარ სხვა ქვეყნებშიც, ხორვატიაში, ბულგარეთში, ლიტვაში და მსგავსი რამ იქ არ შემინიშნავს.

პაველი: ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საცობების შესახებ, ნამდვილად გაკვირვებული დავრჩი. სრული სიგიჟე ხდება ქუჩებში.

რას გვეტყვით თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ?

პაველი: რამოდენიმე ბარში ვიყავით, გემოვნებიანი მუსიკა იყო, თუმცა მომსახურებით დიდად კმაყოფილი არ დავრჩით. საკმაოდ ნელა მუშაობდნენ.

 

თუ გაქვთ სურვილი კიდევ ეწვიოთ საქართველოს?

მარია: რა თქმა უნდა. ბევრი ადგილი გვრჩება უნახავი, სამწუხაროდ. თან მოხიბლული ვარ ქართული სტუმართმოყვარეობით.

პაველი: შემიძლია დავამატო, რომ უკრაინელებს რაღაცების სწავლა ქართველებისგან ნამდვილად არ გვაწყენდა.

ტურისტებმა კიდევ ბევრი გვესაუბრეს საქართველოს ტრადიციაბზე, მოგვიყვნენ სხვადასხვა ლეგენდები, რომლებიც მოსახლეობამ უამბოთ, ეტყობოდათ აღფრთოვანება, მაგრამ რამდენჯერმე მომხვდა ყურში ხაზგასმულად ნათქვამი -„ ქუჩებში დაყრილი ნაგავი“ და გული დამწყდა. ბოლოს  სურათებიც დაგვათვალიერებინეს და  სურვილი გამოთქვეს შემდეგ ჩამოსვლაზე საქართველოს მთიანი ტერიტორიების დათვალიერების.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები