თუ სახალხო და დამსახურებული არტისტის წოდება არ მომცეს, მე ეს არ მაღელვებს…

რა არის მსახიობობა:

სულერთია, ტრაგედიას თამაშობთუ კომედიას, მთავარია ის, რომ შენ მოემზადე იმუშავე და ახლა მაყურებლის წინაშე უნდა წარსდგე და ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

მე ამას აბსოლიტურად ვეთანხმები,

თუ შენ გადიხარ სცენაზე იმისათვის, რომ უბრალოდ შეასრულო ის მიზანსცენა,

რაც რეჟისორმა დაგავალა და ამ დროს არ გეზეიმება ის,

რომ შენ მაყურებლის წინაშე დგახარ, მაშინ არ ხარ შემოქმედი,

მაშინ შენ უბრალოდ გინდა იყო პოპულარული და ვალს იხდი,

ამას მაყურებელიც აუცილებლად იგრძნობს…

თეატრი კარგია, მაგრამ ამასთანავე არის საკმაოდ ცუდი.

მთავარია, შენ რას იღებ მისგან, ან უნდა გაეხვე იმ ინტრიგებში, რაც იქ არის და

გახდე ამ ყველაფრის მონაწილე, ან უნდა იყო შენთვის და იფიქრო შენს საქმეზე და მაყურებელზე, რომელსაც სულ არ აინტერესებს, რას აკეთებ შენ კულისებში.

ის თეატრში მოდის სპექტაკლის სანახავად და შენც ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის,

რომ მას ღირსეულად დახვდე, იმიტომ, რომ თეატრში

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაყრებელია.

მე ვთამაშობ მაყურებლისთვის,

ვაკეთებ როლს მისთვის და შესაბამისად ვიღებ პასუხს მისგან.

ეს პასუხი არის ნდობა, სიყვარული და ამას ყველა მსახიობი გრძნობს (ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად) ჩემთვის მსახიობობაში სწორედ ესაა მთავარი:

მაყურებელი, რომელმაც გამომიყვანა ყველაზე რთული მდგომარეობებიდან.

ისაა ყველაზე სწორი შემფასებელიდა არა რომელიმე კრიტიკოსი ან რეჟისორი….

რობერტ სტურუა:

საერთოდ რაც დიდ რეჟისორებს ახასიათებთ არის ის,

რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ ბოლომდე ახსნან ყველა მოვლენა და ამბავი, რაც ამათუ იმ პიესაშია, არასოდეს დატოვებენ რამეს უპასუხოდ.

მათ ყოველთვის აქვთ მაყრებლისათვის რაღაც სათქმელი,

რომელიც აწუხებთ და აუცილებლად უნდა გამოხატონ თავიანთ შემოქმედებაში, შეიძლება მერე ვიღაცას მოეწონოს ან არ მოეწონოს ეს სათქმელი,

ან ვერ გაიგოს მაგრამ ამოუხსნელად ისინი არაფერს ტოვებენ…

ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატურაში და არავინ იცოდა რა უნდა მომხდარიყო.

შესაძლოა, სადღაც კრემლში იცოდნენ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა.

მერე აღმოჩნდა, რომ ეს დიქტატურა ყალბია და უნდა დაინგრეს, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა. სტურუამ კი ალბათ წინასწარ იგრძნო…

მთავარი ხაზი, რის მიხედვითაც კენტს ვთამაშობდი ეს იყო ერთგულება,

მიუხედავად იმისა, რომ ლირი მას გულს სტკენს და ცუდად ექცევა,

ჩემი გმირი მისი ერთგული რჩება ბოლომდე.

არსებობს რაღაც მამაშვილური მათ შორის.

გარდა ამისა, ის არის ერთგვარი გზამკვლევი ლირისათვის ახალ ცხოვრებაში, ახალ აზროვნებაში. სპექტაკლშიც ასეა, ის ახალი დაბრუნებულია უცხოეთიდან, ნანახი აქვს სხვა ცხოვრება, სხვა ფასეულობები, სხვა ურთიერთობები და გრძნობს იმ სიყალბეს და სიბინძურეს რაც ლირის სამეფოშია…

ის ცდილობს გამოაფხიზლოს და დააფიქროს მეფე ჭეშმარიტებაზე, ბოლოს ის აღწევს კიდეც ამას… გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მოტივაცია კენტისათვის, რომელიც არც პიესაში ჩანს და არც სტურუას ჰქონდა ხაზგასმული,

-ის, რომ მას უყვარს კორდელია, ოღონდ უყვარს უთქმელად, თავისთვის, შეიძლება ითქვას პლატონურად…

.

მურმან ჯინორია და შექსპირი:

შექსპირი უნიკალურია, ის ადვილად გემორჩილება.

როდესაც სპექტაკლზე მუშაობ, იმდენ რამეს აღმოაჩენ მასში,

რომ აღარც კი იცი რომელი წამოწიო წინა პლანზე.

აქ არის სიყვარულიც, სიძულვილიც, კომპლექსებიც,

ადამიანის და დროის ცვლილება, ის რომანტიკოსიც არის,

რენესანსიც არის, კლასიკაც, რეალიზმიც, მოდერნიზმიც.

ის ყველაფერს ერგება, მთავარია შენ გქონდეს რაღაც სათქმელი

და აუცილებლად იპოვი…

ზემოქმედებაც დიდი აქვს და თავისუფლებასაც გაძლევს…

…ხომ უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც ხმას ამოიღებს

და შეებრძოლება ამ ყველაფერს.

თან ამას აკეთებს არა ვიღაც ბოგანო და უქონელი,

არამედ პრინცი, რომელიც წესით

თავისი ყოფით შეწუხებული არ უნდა ყოფილიყო.

ანუ აქ საქმე გვაქვს უკვე მენტალურ კონფლიქტთან და

არა მატერიალურთან, სწორედ მენტალობას და

გახრწნილ აზროვნებას ებრძვის ჩემს სპექტაკლში ჰამლეტი…

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ სპექტაკლი არ გამოუვიდაო,

აი ეს ჩაიფიქრა და ვერ განახორციელაო და ა. შ.

ეს ყველაფერი ხელოვნებათმცოდნეებისთვის და

კრიტიკოსებისათვის არის საინტერესო

ჩემთვის მთავარი იყო გამომეთქვა ის სათქმელი,

რაც იმ დროს დაგროვილი მქონდა

და რისი გაზიარებაც სხვებისთვის მინდოდა,

ანუ გამეცოცხლებინა ერთი მსახიობის შეგრძნებებით დანახული ჰამლეტი

და ის დრო, რომელშიც ვცხოვრობდით.

რა თქმა უნდა, უმთავრესი იყო მაყურებელი,

რომლის რეაქციაც ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია…

ერთი ხანშიშესული ქალი შემხვდა ქუჩაში და ძალიან თბილად მომესალმა,

მე თქვენ ისეთ პატივს გცემთ და ა. შ. დაიწყო. ვიფიქრე, ალბათ იტყვის

`ჯერ დაიხოცნენ~, ან `სინემა~ (მხ.ფილმი 1977წ) ან ლირი…

არა, `აი მე რომ თქვენი ჰამლეტი ვნახე~

-მითხრა, და დიწყო რაღაც პარალელების გავლება.

მორჩა, დამთავრდა! მე ჩავთვალე, რომ სპექტაკლი შედგა.

მე ამით უკვე კმაყოფილი ვარ…

ისე საკმაოდ საკამათო თემაა, როგორ შეიძლება იყო კმაყოფილი რაღაცით… კმაყოფილი როდესაც ხარ, მაშინ ჩერდები და აღარ იზრდები,

თუ ეს დაგემართა, მაშინ აღარც მაყურებელს აინტერესებს

შენი თამაში და ხდები ხელოსანი და არა ხელოვანი…

.

პოეზია:

არ აქვს მნიშვნელობა კინოში თამაშობ, თეატრში

თუ ლექსს კითხულობ, მთავარია რას გულისხმობ იმის უკან,

რასაც მსმენელს უკითხავ.

ანუ როდესაც ის შენ გისმენს რა სიუჟეტი ეთხზვება მას თავში.

თორემ თუ სიუჟეტი არ შესთავაზე, კითხვა ყველამ იცის,

წავა და წაიკითხავს. ხოლო, როდესაც არსებობს ამბავი,

რომელსაც შენ მას უყვები, მაშინ ასოციაციურად ისიც მოგყვება და გისმენს, მას ესმის სიტყვები და გრძნობით შედის სხვა მდგომარეობაში,

აი ეს არის ჩემთვის მსახიობობა,

მე ვფიქრობ, რომ მსახიობობა არის შემოქმედება და არა შემსრულებლობა…

.

და ბოლოს:

ღმერთმა მომცა ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს, ოჯახი, საყვარელი საქმე, მაყურებლის პატივისცემა და სიყვარული და რაც მთავარია, შემაძლებინა ახლებურად, სხვებისგან განსხვავებულად დამენახა ჩემი პროფესია. მე შევძელი სხვანაირად მეთამაშა და წამეკითხა, არ ვამბობ რომ ყველაზე უკეთესად ან ნიჭიერად, უბრალოდ განსხვავებულად… და თუ სახალხო და დამსახურებული არტისტის წოდება არ მომცეს, მე ეს არ მაღელვებს, თუ მსახიობს ეს გინდა მაშინ სხვა რამეა, მე რაც მინდა ის მაქვს, მე მყავს ჩემი მაყურებელი, რომელსაც ჩემი ესმის.

ტატო მახაშვილი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები